უეფამ დინამო თბილისისა და ლოკომოტივის სავარაუდო მეტოქეები შეარჩია

უეფამ დინამო თბილისისა და ლოკომოტივის სავარაუდო მეტოქეები შეარჩია

31 აგვისტოს, თბილისის დროით 15:00 საათზე ნიონში ევროპალიგის II საკვალიფიკაციო წრის წილისყრა გაიმართება. ამ რაუნდში 94 კლუბი მონაწილეობს, რომელთა შორის საქართველოს ჩემპიონი დინამო თბილისი და ლოკომოტივია…

დღეს უეფამ კლუბები, რომლებიც ორ სხვადასხვა ნაწილად არიან დაყოფილები (ჩემპიონთა გზაზე 20 გუნდი თამაშობს, დანარჩენები – მთავარზე), წილისყრის წინ ჯგუფებად დაყო. ასე რომ, ქართული კლუბების სავარაუდო მეტოქეების ვინაობა კიდევ უფრო დაზუსტდა.

დინამო თბილისი ჩემპიონთა გზაზეა და განთესილია, თუმცა მის ჯგუფში მხოლოდ ერთი განუთესავია – დრიტა (კოსოვო). როცა დრიტას მეტოქე გაირკვევა, დარჩენილი 6 განთესილი “ბრმა” წილისყრაზე გადავა. დინამოს გარდა ჯგუფში არიან და მისი სავარაუდო მეტოქეები არიან: ასტანა (ყაზახეთი), ფოლა ეში (ლუქსემბურგი), ბუდუჩნოსტი (მონტენეგრო), კონაჰი (უელსი), არარატ-არმენია (სომხეთი) და სილეკსი (მაკედონია).

რაც შეეხება ლოკომოტივს, ის განუთესავია და სულ სამი სავარაუდო მეტოქე ჰყავს: გალათასარაი (თურქეთი), დინამო მოსკოვი (რუსეთი) და ქაირათი (ყაზახეთი).  

შეგახსენებთ, რომ მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 17 სექტემბერს გაიმართება ეს ეტაპი კორონავირუსის პანდემიის გამო 1-მატჩიანია და წილისყრისასვე გაირკვევა მასპინძელი გუნდის ვინაობა. 

Source