თენგიზ ცერცვაძე: კორონავირუსის შემთხვევები მოიმატებს, მათ შორის, იქნება ლეტალურიც

“შემთხვევების მატება უეჭველად იქნება და თან შეიძლება მნიშვნელოვანი. იქნება სავარაუდოდ, ლეტალური შედეგებიც, რადგან რამდენიმე მძიმე პაციენტი დაგვიგროვდა. საქართველო ვერ დარჩება ერთადერ ქვეყნად მსოფლიოში, სადაც ლეტალური შედეგი არ დადგება”,- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისი პროგნოზით, ჯანდაცვის სამინისტრო ფართო გავრცელებას თავიდან აიცილებს.

“რადგან ჩვენმა ჯანდაცვის სამინისტრომ მოახერხა შიდა გავრცელების დროში გადაწევა, ამიტომ ჩვენთან ფართო გავრცელების საფეხურებიც შედარებით ნაკლები იქნება, ვიდრე ევროპაში”,-აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

როგორც მან აღნიშნა, თუ კორონავირუსის გავრცელების პიკი 3-4 კვირაში დადგება, ეს იქნება მცირე მასშტაბის.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის 70 შემთხვევაა დაფიქსირებული. მათგან 9 უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო 4 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.